აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, პროგრამასთან პარტნიორობით, ჩაერთვება ახალი სკოლის მოდელის დანერგვაში ეროვნული უმცირესობების სკოლებში.

კერძოდ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შექმნის სასწავლო ერთეულებს, მოახდენს მასალების ადაპტირებას და ჩაატარებს ტრენინგებს მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის, რომელთა მშობლიური ენა არ არის ქართული. ცენტრის ტრენერების საშუალებით, 1200-ზე მეტი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ჩაერთვება პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობებში და ისარგებლებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას.  პროგრამა გეგმავს  თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და  ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემათა გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.  სკოლებში დაინერგება  ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა  საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდები.